fbpx

რას წარმოადგენს საშვილოსნოს მიომა და რას გულისხმობს კონსერვატიული მიომექტომია?

innoteam ფარმაცევტული კომპანიააღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა კარაპს მედლაინის გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი – დავით სხირტლაძე

1. რას წარმოადგენს საშვილოსნოს მიომა და რას გულისხმობს კონსერვატიული მიომექტომია?  

საშვილოსნოს ლეიომიომა, იგივე კვანძოვანი მიომა, წარმოადგენს ქრონიკულ, მორეციდივე დაავადებას, რომელიც მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან გინეკოლოგიურ ახალწარმონაქმნს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. იგი წარმოიქმნება საშვილოსნოს კუნთოვანი შრის უჯრედების ჭარბი ზრდის შედეგად. საშვილოსნოს კუნთოვან შრესთან მიმართებაში გამოყოფენ სუბსეროზულ (ზედაპირული), ინტრამურულ (კუნთოვან შრეში განლაგებული) და სუბმუკოზურ მიომის (საშვილოსნოს ღრუში არსებული) კვანძებს. სუბმუკოზური ან ინტრამურული მიომის კვანძები, რომლებიც იჭრებიან საშვილოსნოს ღრუში ხშირად იწვევენ პათოლოგიურ სისხლდენას საშვილოსნოდან. 

2. რას გულისხმობს კონსერვატიული მიომექტომია?

კვანძოვანი დაავადების მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს, რომლის არჩევანიც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ასაკი, მიომის კვანძის მდებარეობა, საშვილოსნოდან სისხლდენა, ორსულობის სურვილი და სხვა.

სიმპტომური კვანძების მკურნალობა ძირითადად ხდება თანამედროვე ენდოსკოპიური ქირურგიული მეთოდების გამოყენებით. საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ან ზედაპირულად  განლაგებული მიომის კვანძების ამოკვეთა ხდება ლაპაროსკოპიულად კონსერვატიული, ანუ ორგანოშემანარჩუნებელი მიომექტომიის ჩატარებით. კვანძის ამოკვეთის შემდეგ ხდება საშვილოსნოს მთლიანობის აღდგენა კვანძოვანი ნაკერებით.  დიდი ზომის ან ღრმად განლაგებული კვანძების შემთხვევაში, სისხლის დანაკარგის შემცირების მიზნით,  ხშირად ხდება საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვების ე.წ. „კლიპირება“, ანუ მათზე დროებითი ჩამკეტების დადება.

3. რა შემთხვევებშია საჭირო კონსერვატიული მიომექტომიის ჩატარება?

კონსერვატიული მიომექტომია ძირითადად ტარდება პაციენტებში, რომელთაც აქვთ შვილოსნობის სურვილი და კვანძოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების სპექტრი ხშირად მოიცავს ჭარბ და გახანგრძლივებულ მენსტრუალურ სისხლდენას, ტკივილს მუცლის ქვედა და წელის არეში, მუცლის გარშემოწერილობის პროგრესულ  ზრდას, ყაბზობასა და შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ოპერაციის დროს, კვანძის მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება თუ რა ვადაში უნდა მიეცეს პაციენტს ბუნებრივი გზით დაორსულების რეკომენდაცია. 

4. რამდენად ხშირია მიომური კვანძების მკურნალობის პოსტოპერაციული რეციდივი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა წარმოადგენს ქრონიკულ გინეკოლოგიურ დაავადებას, რომელსაც ქირურგიული მკურნალობის მიუხედავად ახასიათებს რეციდივის განვითარების საკმაოდ მაღალი სიხშირე. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებით, ოპერაციიდან 5-10 წლის შემდეგ რეციდივის განვითარების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეიძლება მიაღწიოს 60%-ს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიომექტომიის შემდეგ რეციდივის მოკლევადიანი რისკი შედარებით დაბალია, რაც გასათვალისწინებელია ორსულობის დაგეგმვის დროს. 

5. რა იწვევს რეციდივის განვითარებას?

დღესდღეობით არ არსებობს ზუსტი ლიტერატურული მონაცემები თუ რა განაპირობებს მიომის რეციდივის განვითარებას. ცნობილია, რომ პაციენტებში ოპერაციის შემდგომი მიომის რეციდივის განვითარების რისკი შედარებით უფრო მაღალია ერთზე მეტი კვანძის არსებობის შემთხვევაში. კვანძების ზრდას ძირითადად განაპირობებს სასქესო ჰორმონების ზეგავლენა და ინდივიდუალური გენეტიკური წინასწარგანწყობა. რიგი კვლევებით დადასტურებულია, რომ როდესაც ორგანიზმი განიცდის დ ვიტამინის დეფიციტს, ასეთ შემთხვევაში გაზრდილია მიომური კვანძების როგორც განვითარების, ასევე ზრდის ალბათობა.  ასევე აღსანიშნავის ის, რომ მიომის კვანძების ხელახალი ზრდის ინტენსივობა ყველა პაციენტში არის განსხვავებული.

6. თუ არის შესაძლებელი მოვახდინოთ მიომური კვანძის პოსტოპერაციული რეციდივის განვითარების პრევენცია?

რაც შეეხება მიომური კვანძის პოსტოპერაციული რეციდივის განვითარების პრევენციას, ოპერაციის შემდგომ მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან და ულტრაბგერითი კონტროლი, შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის შერჩევა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. 

მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს, როგორც ჰორმონული, ისე არაჰორმონული პრეპარატების გამოყენებას. არაჰორმონალური საშუალებებიდან მნიშვნელოვანია კატეხინებისა და დ ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება. კატეხინები ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტური და პროლიფერაციული პროცესების მარეგულირებელი ნივთიერები, დ ვიტამინს კი სხვა მრავალ სარგებელთან ერთად გააჩნია უჯრედის ციკლის მარეგულირებელი მოქმედება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატეხინებსა და დ ვიტამინს გააჩნია სინერგიული მოქმედება, ამიტომ არის  მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭოს მათი კომბინირებული შემადგენლობის მქონე მედიკამენტებს. ამასთან, უნდა ითქვას,  რომ ორსულობის დროული დაგეგმვა ოპერაციის შემდგომ მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივის  განვითარების რისკს.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,