ძუძუს კიბო და მისი პრევენცია
ძუძუს კიბოსა და მის პრევენციაზე გვესაუბრება ზოგადი და ონკო ქირურგი, მამოლოგი – თამარ აბულაძე
როგორია ძუძუს კიბოს გავრცელება საქართველოში?
მსოფლიო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის ფარისებრის, კოლორექტარული და საშვილოსნოს ყელის კიბო, ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და მიუხედავად იმისა რომ 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მუშაობს პრევენციის ცენტრები (ეროვნული სკრინინგ ცენტრი და რეგიონალური სკრინინგ პროგრამები მთელი საქართველოს მაშტაბით) ძუძუს კიბოს გამოვლენის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია, ბოლო პერიოდში შეინიშნება დაავადების არა მარტო ზრდა, არამედ გაახალგაზრდავების ტენდენცია (30 წელი და ზემოთ ასაკში)
ყველაზე ხშირად რომელ ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება ძუძუს კიბო?
ძირითადად 40-70 წლამდე ასაკში, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში მაღალი სტატისტიკური გამოვლენის მაჩვენებელი იქნა აღებული სკრინინგ ცენტრის ასაკობრივ კრიტერიუმად, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია – 30 წელი და ზემოთ ასაკი, არის შემთხვევები 25-29 წლამდე ასაკშიც.
რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს?
ძუძუს კიბო, ადრეულ სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოა, მაგრამ არის ისეთი კლინიკური ნიშნები, რომელიც საყურადღებოა: ძუძუში ნებისმიერი ზომის კვანძოვანი წარმონაქმნის აღმოჩენა, რაც მანამდე არ ისინჯებოდა, ძუძუს კანის ფერის და ფორმის შეცვლა, კანის გასქელება ე.წ. “ლიმონის ქერქი”, გამონადენი ძუძუს თავიდან, განსაკუთრებით საყურადღებოა მუქი ყავისფერი ან სისხლიანი გამონადენი, აგრეთვე უნდა მოისინჯოს იღლიის ფოსო და ლიმფური კვანძები, თუ შეინიშნება მათი ზომის მატება ან მტკივნეულობის მომატება აუცილებლად მიმართეთ ექიმ მამოლოგს.
რა იწვევს ძუძუს კიბოს განვითარებას?
ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორებია: ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, ხშირი აბორტები, ძუძუთი არ წოვება, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, გენეტიკური განწყობა – განსაკუთრებით პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა, და, ბებია), ჰორმონალური და ენდოკრინული დისბალანსის დარღვევა.
შესაძლებელია თუ არა მოვახდინოთ ძუძუს კიბოს განვითარების პრევენცია?
ძუძუს კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტიურობას, წონის კონტროლს, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისაგან თავშეკავებას, ჯანსაღ კვებას – საკვები პროდუქტების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ დღის რაციონი შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს პროლიფერაციული პროცესების სწორად მიმდინარეობაზე, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ინდოლ-3 კარბინოლისა და რესვერატროლის როლი. ხოლო არაბალანსირებული კვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათი საკვები დანამატის სახით მიღება.
ძუძუს კიბოს პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური კონსულტაციები და გამოკვლევები – სკრინინგი, შესაბამისი ასაკის მიღწევისას.
რაღათქმაუნდა, ძუძუს კიბო არ არის განაჩენი! მთავარია დროული ვიზიტი ექიმთან, ვინაიდან რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენა, მით მაღალია მკურნალობის ეფექტურობა და დაავადების განკურნების მაჩვენებელი
თემასთან დაკავშირებული ბლოგები: