რა უწყობს ხელს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის განვითარებას?
რა უწყობს ხელს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის განვითარებას? – გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ევროპის ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი – მაია რეხვიაშვილი
1. როდის შეიძლება ვთქვათ რომ ბავშვს აქვს ჭარბი წონა/სიმსუქნე??
2. რამდენად ხშირია ბავშვთა ასაკში ეს პრობლემა?
3. რა უწყობს ხელს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას?
4. ბავშვთა ასაკში არსებული ჭარბი წონა და სიმსუქნე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა რისკებთან შეიძლება იყოს ასოცირებული?
1. როდის შეიძლება ვთქვათ რომ ბავშვს აქვს ჭარბი წონა/სიმსუქნე?
ბავშვის წონის ნორმალური დიაპაზონიდან გადახრის დასადგენად გამოიყენება სხეულის მასის ინდექსი (BMI – Body Mass Index), რომელიც სხეულის წონისა და სიმაღლის ურთიერთშეფარდებას ასახავს. ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: BMI = წონა (კგ) ÷ სიმაღლე² (მ²).
თუმცა, რადგან ბავშვებისა და მოზარდების ზრდა ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებულ ტემპში მიმდინარეობს – გოგონებსა და ბიჭებში ცხიმოვანი ქსოვილისა და კუნთის რაოდენობა, ასევე სხეულის პროპორციები სხვადასხვაგვარად იცვლება – მათ შემთხვევაში BMI-ის შეფასება ფიქსირებული რიცხვების მიხედვით შეუძლებელია. ამიტომაც, სპეციალისტები ბავშვებისა და მოზარდების წონისა და სიმაღლის შეფასებისთვის იყენებენ BMI პერცენტილებს. პერცენტილი ასახავს, როგორია ბავშვის სხეულის მასის მაჩვენებელი თანატოლთა შორის – ანუ სად დგას იგი საერთო მონაცემთა განაწილებაში.
2. რამდენად ხშირია ბავშვთა ასაკში ეს პრობლემა?
ბავშვთა და მოზარდთა სიმსუქნე დღევანდელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა – ასაკობრივ ჯგუფებში სიმსუქნის მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება. ეს ტენდენცია ძირითადად უკავშირდება ცხოვრების წესის ცვლილებას, არაჯანსაღ კვებასა და ფიზიკური აქტივობის შემცირებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბავშვთა სიმსუქნის ევროპული მონიტორინგის ინიციატივის (COSI) მეხუთე ეტაპის (2018–2020 წწ.) მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის ასაკის ბავშვებში მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჭარბი წონა – დაახლოებით 29%
- სიმსუქნე – დაახლოებით 13%
ამ მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მესამე ბავშვი ჭარბი წონის ან სიმსუქნის პრობლემის წინაშე დგას.
3. რა უწყობს ხელს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონისა და სიმმუქნის განვითარებას?
ბავშვთა ასაკში ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას განაპირობებს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო (გარემოსა და ქცევასთან დაკავშირებული) ფაქტორების კომპლექსი. სამედიცინო ფაქტორებია: გენეტიკა, ეპიგენეტიკა, მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები, მედიკამენტები, ძილის დარღვევა.
არასამედიცინო ფაქტორებია: არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვებითი ჩვევები, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები.
4. ბავშვთა ასაკში არსებული ჭარბი წონა და სიმსუქნე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა რისკებთან შეიძლება იყოს ასოცირებული?
სიმსუქნე წარმოადგენს ისეთი მძიმე ქრონიკული დაავადებების რისკფაქტორს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი, ძილის აპნოე, ორთოპედიული პრობლემები და სხვა. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, სიმსუქნე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზეც. ჭარბი წონის მქონე ბავშვი ხშირად ხდებიან სოციალური სტიგმის, დისკრიმინაციისა და ბულინგის მსხვერპლი როგორც თანატოლების, ისე მოზრდილების მხრივ.
5. როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ბავშვთა ასაკში სხეულის ჭარბ წონას და სიმსუქნეს?
აუცილებელია პედიატრისა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის დროული ჩართულობა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება ყველაზე ეფექტურად იწყება მშობლის პირადი მაგალითით. ბავშვი ადვილად ითვისებს იმას, რასაც ხედავს, ამიტომ მშობელმა თავად უნდა აჩვენოს, როგორია აქტიური ცხოვრება, სტრესის მართვა, ძილის რეჟიმის დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა ბავშვთა სიმსუქნის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. არარეგულარული კვება, საუზმის გამოტოვება ან გვიან ღამით ჭამა გავლენას ახდენს როგორც ენერგეტიკულ ბალანსზე, ისე მეტაბოლურ პროცესებზეც, რაც ხელს უწყობს წონის მატებას.
საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსპოზიცია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია მიო-ინოზიტოლის როლი ამ მიმართულებით, მიო-ინოზიტოლი წარმოადგენს უჯრედებში ბუნებრივად არსებულ ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს უჯრედების ნორმალურ მუშაობაში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის და ცხიმების რეგულაციაში, ამცირებს სტრესისა და შფოთვის დონეს. მიო-ინოზიტოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რომლებიც ზრდის, სწავლისა და ემოციური დატვირთვის პერიოდში იმყოფებიან.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბავშვები უმთავრესად მშობლების მიბაძვით სწავლობენ, ამიტომ პირადი მაგალითი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სიტყვიერი დარიგება.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:


