fbpx

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ბავშვთა ასაკში

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ბავშვთა ასაკში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ხელმძღვანელი, პროფესორი – მარინე გორდელაძე

რას წარმოადგენს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი?

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი გულისხმობს, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მატებას ნორმის ზღვარს ზემოთ, თავისუფალი თიროქსინის (FT4) ნორმალური მაჩვენებლის ფონზე. აღნიშნული მდგომარეობა ასევე ცნობილია, როგორც კომპენსირებული ჰიპოთირეოზი ან იზოლირებული ჰიპერთიროტროპინემია. TSH-ის მატების ხარისხის გათვალისწინებით, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს მსუბუქი (TSH, 4.5–10 mIU/L) და მძიმე (TSH>10 mIU/L).

რამდენად ხშირია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ბავშვთა ასაკში? 

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის შემთხვევები ბავშვთა ასაკში სხვადასხვა კვლევების მიხედვით გვხვდება დაახლოებით 2%-ში, თუმცა სიმსუქნის და ჭარბი წონის მქონე პედიატრიულ პაციენტებში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის შემთხვევები უფრო ხშირია, დაახლოებით 7-23%.

ახასიათებს თუ არა რაიმე სიმპტომები სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს?

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მსუბუქი სიმპტომებით, ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომით. სიმპტომების ინტენსივობა  დაკავშირებულია პაციენტის ასაკთან, ორგანიზმის მგრძნობელობასთან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ცვლილებების მიმართ ან სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის ხანგრძლივობასთან.
პედიატრიულ პაციენტებში სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს ყველაზე ხშირად ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, წონის მატება, ძილიანობა, სისუსტე, ანემია და ქოლესტერინის დონის მატება. გასათვალისწინებელია, რომ სიმპტომების სიმძიმე ყოველთვის არ არის კავშირში TSH დონესთან.

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა სისხლში TSH-ის და FT4-ის დონის განსაზღვრა. FT4-ის ნორმალური მაჩვენებლის ფონზე, TSH-ის მატება მიუთითებს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის არსებობაზე. განმეორებითი დამადასტურებელი ანალიზი, TSH-ის და FT4-ის ერთდროული განსაზღვრით უნდა ჩატარდეს 2-3 თვეში.
ფარისებრი ჯირკვლის აუტოანტისხეულების არსებობა (TPOAb და/ან TG Ab) ან/და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევით ჯირკვლის ქსოვილში ჰიპოექოგენური უბნების არსებობა, მიუთითებს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის არსებობაზე. აუტოიმუნური თირეოიდიტისათვის დამახასიათებელი ულტრაბგერითი სურათი შეიძლება ნანახი იქნას  ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების გაჩენამდე. ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კონტროლი მნიშვნელოვანია ხანგრძლივი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მონიტორინგისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მიზეზი დადგენილი არ არის. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის კვანძების არსებობის შემთხვევაში, TSH-ის მაღალი დონე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობასთან, შესაბამისად, ულტრაბგერითი მონიტორინგი აუცილებელია როგორც ნამკურნალები, ასევე არანამკურნალები სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებისთვის.

 

როგორია მედიცინის თანამედროვე მიდგომები სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მართვაში?

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის შეფასების ბავშვთა ასაკში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. შემდეგ საკითხზე უნდა მოხდეს თუ არა სუბკლინიკური ჰიპოთირეოიზის მკურნალობა და თუ უნდა ვუმკურნალოთ, მაშინ TSH -ის რა მაჩვენებელი უნდა ჩაითვალოს მკურნალობის საჭიროების გადასაწყვეტად. მკურნალობისათვის გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპია ლევოთიროქსინით. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის სწორად მართვისათვის ბავშვთა ასაკში, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ასაკი, კლინიკური და ბიოქიმიური დარღვევები, TSH-ის დონის მატების ხარისხი, ეტიოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ხანგრძლივობა და თანმხლები სინდრომების არსებობა. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მართვა უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული პაციენტის მდგომარეობას. ითვლება, რომ ბავშვებში მიუხედავად ეტიოლოგიისა,  მკურნალობის დაწყება აუცილებელია, თუ შრატში TSH > 10 mIU/L-ზე. განსაკუთრებით ბავშვებში, ჰაშიმოტოს თირეოიდიტით და სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის პროგრესირებადი გაუარესებით დროთა განმავლობაში.

მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის (TSH, 4.5–10 mIU/L) მქონე პაციენტებში, სიმპტომების გარეშე, TSH-ის და FT4-ის რეგულარული შეფასება რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში, ხოლო  ფარისებრი ჯირკვლის აუტოანტისხეულები და ულტრაბგერითი კვლევა წელიწადში ერთხელ. მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად ჩივილების, ხანგრძლივობის და სხვა თანმხლები მდგომარეობების გათვალისწინებით, მაგალითად ბავშვებში რკინადეფიციტურ ანემიასთან ასოცირებული სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, თუ TSH  >10 mIU/L, L–T4 ჩანაცვლებითი თერაპია, დადებით გავლენას ახდენს რკინის პრეპარატით მკურნალობის ეფექტურობაზე.

ბავშვებში ნეფროზულ სინდრომთან კომბინირებული სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, L-T4 თერაპიის დაწყებამ, შესაძლოა თავიდან აგვაცილოს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუარესება და ჰიპოთირეოზის განვითარება.

ბავშვები ხანგრძლივად მიმდინარე სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობა და TSH-ის ნორმალიზება, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური ან კვანძოვანი პათოლოგიების დროს, მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის  განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მართვა უნდა მოხდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად.

გარდა ლევოთიროქსინისა რა პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს?

სხვადასხვა კვლევებში ნაჩვენებია, რომ მიოინოზიტოლისა და სელენიუმის კომბინირებულ მიღებას აქვს დადებითი  ეფექტი ჰაშიმოტოს თირეოიდიტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში, რომელთა TSH 3-6mU/L შორისაა, აგრეთვე როდესაც TSH დონე სისხლის პლაზმაში 10mU/L დაბალია მიოინოზიტოლისა და სელენიუმის კომბინირებული მიღება  ეფექტურია  TSH ისა და აუტოანტისხეულების შემცირების თვალსაზრისით, რითაც ხელს უწყობს ეუთირეოიდული მდგომარეობის აღდგენას და პაციენტის ზოგადი თვითშეგრძნების გაუმჯობესებას.

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,