საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი უკმარისობა და უნაყოფობა

საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი უკმარისობა და უნაყოფობა

  • innoteam
  • სამშაბათი, der 24. ნოემბერი 2020
  • ბლოგი
  • გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი უკმარისობა და უნაყოფობა
რა არის საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა? როდის და რატომ შეიძლება შეგვაწუხოს ამ პრობლემამ? როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ მას? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება  მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ანი მორჩილაძე.
– ქალბატონო ანი, რა იგულისხმება საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევ განლევაში და რამდენად ხშირად გვხვდება ის უშვილო ქალებში?
მარტივად რომ ვთქვათ, საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა არის ადრეული მენოპაუზა, რაც გულისხმობს 40 წლის ასაკამდე ქალებში საკვერცხეების ფუნქციის მნიშვნელოვან, შეუქცევად დარღვევას. ჩვეულებრივ, ქალის ცხოვრებაში მენოპაუზის დადგომის საშუალო პერიოდად 51 წელი და 4 თვე ითვლება. საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის გავრცელება განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – თუკი 15-29 წლის ასაკის ქალებში 10000-დან 1 შემთხვევაში გვხვდება, 30-39 წლის ასაკის ქალბატონებში 100-დან 1 ქალში იქნება გამოვლენილი აღნიშნული სინდრომი. საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის ოჯახური ისტორია – რეპროდუქციული ასაკის ქალების 4% მოიცავს. საკვერცხეების პირველადი უკმარისობის მქონე პაციენტთა 25% აღინიშნება ნორმალური ოვულატორული ციკლი და 5-10 პროცენტში დგება სპონტანური ორსულობა. საკვერცხეების დისფუნქციის დიაგნოსტირების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს სისხლში ჰორმონალური ანალიზების – ფოლიკულომასტიმულირებელი, ესტრადიოლის და ანტიმიულერის ჰორმონების განსაზღვრა და/ან ულტრაბგერით კვლევაზე საკვერცხეების მოცულობისა და ოვარიული რეზერვის შეფასება.
რას წარმოადგენს  „ოვარიული რეზერვი“?
ოვარიული რეზერვის არსის გაგებისთვის პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ქალის ორგანიზმში ფოლიკულოგენეზის – ანუ კვერცხუჯრედების მტარებელი სითხური ჩანართების განვითარების რიგი თავისებურებები. ქალის სასქესო უჯრედების გენოფონდი არის მუდმივ კლებადი მაჩვენებელი, რომელიც არ ექვემდებარება განახლება-შევსებას და თუკი გავითვალისწინებთ, რომ 36 წლის ასაკის ზემოთ კვერცხუჯრედის რაოდენობრივ შემცირებას თან ახლავს მათი ხარისხის დრამატული გაუარესება, ადვილად მისახვედრი იქნება, თუ რაოდენ ცაიტნოტურ სიტუაციაში იმყოფება ქალი შვილოსნობის კუთხით გვიან რეპროდუქცულ ასაკში. მამაკაცები კი, ამ მხრივ გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან – მათ ყოველ 3 თვეში ერთხელ ახალი სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების წარმოქმნის უნარი აქვთ და ქალებისგან განსხვავებით, მათი შვილოსნობის პოტენციალი ხშირ შემთხვევაში გვიან ასაკამდე იქნება შენარჩუნებული.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის განვითარება?
საკვერცხეების ნაადრევი დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი ფაქტორებით:
  • ქრომოსომული დეფექტები. ზოგიერთი გენეტიკური დაავადება ასოცირდება საკვერცხეების პირველად უკმარისობასთან. ამ დაავადებებს მიეკუთვნება ტერნერის სინდრომი, გალაქტოზემია, მყიფე X ქრომოსომის სინდრომი.
  • ტოქსინები. ცნობილია რომ ქიმიო და სხივური თერაპია ხშირ შემთხვევაში შეუქცევადად დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მკურნალობის აღნიშნული მეთოდები ასოცირდებიან ქალის სასქესო უჯრედებში – ოოციტებში – გენეტიკური მასალის დაზიანებასთან. ასევე საგულისხმოა თამბაქოს მოხმარების, ქიმიკატების და პესტიციდების მავნე ზეგავლენა საკვერცხეების ფუნქციონირებაზე. საინტერესოა, რომ მწეველ ქალბატონებში მენოპაუზა დგება 2 წლით ადრე ვიდრე არამწეველებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ნიკოტინის მავნე ზემოქმედებას ქალის ორგანიზმზე.
  • აუტოიმუნური დაავადებები – ამ ჯგუფს მიეკუთვნება იმ დაავადებათა გრძელი ნუსხა, როდესაც ორგანიზმი თავად წარმოქმნის ანტისხეულებს საკუთარივე ქსოვილის მიმართ, რასაც საბოლოო ჯამში მივყევართ ამავე ორგანოს ფუნქციის დაქვეითებამდე. ცნობილია ისეთი აუტოიმუნური დაავადებების ნეგატიური ზეგავლენა საკვერცხეების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა აუტოიმუნური თირეოდიტი, შაქრიანი დიაბეტი, ადისონის დაავადება და ა.შ.
  • ინფექციური (ვირისული და ბაქტერიული) ფაქტორებით განპირობებული. მძიმე ფორმებში გადატანილი ე.წ. ბავშვთა ინფექციები, განსაკუთრებით ყბაყურათი გამოწვეული ოოფორიტი, ასევე მალარია, ციტომეგალოვირუსული ინფექცია და ტუბერკულოზი რიგ შემთხვევებში იწვევს საკვერცხეების დისფუნქციას.
  • იატროგენული – ქირურგიული მანიპულაციებით განპირობებული. საკვერცხეებზე ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა, დაწყებული სხვადასხვა სახის კისტების ამოკვეთით, დამთავრებული საკვერცხის მთლიანობის დარღვევით – აპოპლექსიით ან თუნდაც მისი შემოგრეხვით – გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს ფოლიკულურ აპარატზე, რაც აპრიორი რიგ შემთხვევებში იწვევს საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევ განლევას.
  • საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი განლევა ხშირად იდიოპათიურია – ანუ განპირობებულია უცნობი ფაქტორებით და მიზეზი ბოლომდე გაურკვეველი რჩება.
– რა სიმპტომები არის დამახასიათებელი საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობისათვის?
საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის დროს განვითარებული ნიშნები და სიმპტომები მსგავსია მენოპაუზის ან ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობის დროს განვითარებული ჩივილებისა. მათ მიეკუთვნება:
  • მენსტრუაციული ციკლის რეგულარობის დარღვევა
  • დაფეხმძიმებასთან დაკავშირებული სირთულეები
  • ალები
  • ღამის ოფლიანობა
  • საშოს სიმშრალე
  • ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაქვეითება
  • მშრალი თვალის სინდრომი
  • აუტოიმუნური ალოპეცია
  • ვიტილიგო, კანის პიგმენტაციის ცვლილებები
  • გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დაქვეითება
  • ტკივილი ძვლებისა და სახსრების არეში
– რას გვეტყვით მკურნალობაზე , როგორი მიდგომაა საჭირო პაციენტებში საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობით?
საკვერცხეების ნაადრევი განლევის დროს მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ქალის გეგმებზე – სურს მას შვილის გაჩენა თუ მხოლოდ ზრუნვა რეგულარული მენსტრულური ციკლის არსებობასა და ცხოვრების კარგ ხარისხზე.
ქალებს, რომელთაც არ სურთ ორსულობა, ციკლურ რეჟიმში ეძლევათ ესტროგენ-გესტაგენური კომბინირებული ჰორმონოთერაპია 51 წლამდე, ანუ მენოპაუზის საშუალო ასაკის დადგომამდე. აღნიშნული თერაპიით ნიველირდება ესტროგენების უკმარისობით გამოწვეული სიმპტომები და ამავდროულად ხელი შეეწყობა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების – ინსულტების/ინფარქტების, ასევე პარკინსონის და მოხუცებულთა ჭკუასუსტობის განვითარების პრევენციას. ოსტეოპოროზის თავიდან აცილების მიზნით ასევე აუცილებელია კალციუმით და D3 ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება საკვების ან ბიოლოგიური დანამატების სახით.
გოგონებს, საკვერცხეების პირველადი უკმარისობის ოჯახური ანამნეზით, აუცილებლად უნდა გაეწიოთ კონსულტაცია შვილოსნობის 30-35 წლამდე განხორციელების, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ მხოლოდ დონორი ოოციტების გამოყენებით ბავშვის გაჩენის ერთადერთი შესაძლებლობა. ცნობილია, რომ თუ კი დედას ან ბებიას დაეწყო მენოპაუზა 40 წლის ასაკისათვის, ქალიშვილი 30% შემთხვევაში ანალოგიური საფრთხის წინაშე დადგება. იმ შემთხვევაში, თუ საკვერცხეების პირველადი უკმარისობის მქონე ქალს არ ჰყავს სქესობრივი პარტნიორი, ან სურს ბავშვის გაჩენა გვიან რეპროდუქციულ ასაკში, ამ დროს შვილოსნობის პრეზერვაციის მიზნით რეკომენდაცია უნდა გაეწიოს 36 წლის ასაკამდე საკუთარი ბიოლოგიური მასალის შენახვას – კვერცხუჯრედების ამ მზა ემბრიონების კრიოპრეზერვაციის სახით.
საკვერცხეების  პირველადი უკმარისობისას დაფეხმძიმების მსურველთათვის ერთ-ერთ საუკეთესო ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და პრეჰორმონის – დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის გამოყენება. კლინიკურ კვლევებში დადასტურდა აღნიშნული პრეპარატის 3-4 თვის გამოყენების ფონზე ორსულობის მაჩვენებლის ზრდა და მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში თვითნებითი აბორტების რიცხვის შემცირება – რაც ცალსახად მიუთითებს პრეპარატის მიღების ფონზე გენეტიკურად გამართულ ემბრიონებსა და რეცეფციულ ენდომეტრიუმს შორის გაუმჯობესებულ ურთიერთკავშირზე.
შემთხვევათა უმრავლესობაში, მით უმეტეს რეპროდუქტოლოგთან დაგვიანებული მიმართვის დროს, საკვერცხეების ნაადრევი განლევის მქონე პაციენტებში შვილის ყოლის ერთადერთ ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს ინვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, საკვერცხეების დისფუნქციის პრველივე კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმ-რეპროდუქტოლოგთან დროული კონსულტაცია. მკურნალობის ეფექტური ტაქტიკის და შვილოსნობაზე ორიენტირებული გეგმის დროულად შემუშავება – თქვენი ბედნიერი მომავლის საწინდარია.