სპერმის ხარისხის კავშირი ინ-ვიტრო ციკლების წარმატების მაჩვენებელთან

სპერმის ხარისხის კავშირი ინ-ვიტრო ციკლების წარმატების მაჩვენებელთან

  • innoteam
  • ოთხშაბათი, der 3. თებერვალი 2021
  • ბლოგი
  • გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპერმის ხარისხის კავშირი ინ-ვიტრო ციკლების წარმატების მაჩვენებელთან
სპერმის ხარისხის კავშირი ინ-ვიტრო ციკლების წარმატების მაჩვენებელთან – აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, ლუდმილა ბარბაქაძე.
– ქალბატონო ლუდმილა, რაში მდგომარეობს ინ-ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის არსი?
ინ ვიტრო განაყოფიერება უნაყოფობის მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის) შერწყმა ხდება ორგანიზმს გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში. შემდგომში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ემბრიონის) გადატანა საშვილოსნოს ღრუში. ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული ციკლი მოიცავს სამ კვირას. საჭიროებიდან გამომდინარე, ეს ეტაპები ზოგჯერ შესაძლოა დაყოვნდეს და პროცედურა გახანგრძლივდეს. ინ ვიტრო განაყოფიერება შესაძლოა ჩატარდეს საკუთარი კვერცხუჯრედებით და სპერმით, ან იყოს გამოყენებული ანონიმური დონორის ბიოლოგიური მასალა. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ გესტაციურ სუროგაციას – ემბრიონის გადატანა სხვა ქალის საშვილოსნოში.
– რამდენად ამცირებს ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელს სპერმის დაბალი ხარისხობრივი მაჩვენებელი?
სპერმის ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარების დროს. სპერმის დაბალი ხარისხობრივი მაჩვენებელი შესაძლოა გახდეს: დაბალი ფერტილიზაციის, ემბრიონების ცუდი განვითარების, იმპლანტაციის პროცესის შემცირების და თვითნებითი აბორტის მიზეზი. საბოლოო ჯამში, სპერმის დაბალი ხარისხი ამცირებს კლინიკური ორსულობების და ცოცხლად შობადობის ალბათობას.
– როდის შეიძლება ვთქვათ, რომ სპერმის ხარისხობრივი მაჩვენებელი არის დაქვეითებული?
ტრადიციულად, სპერმოგრამა იყო ერთადერთი ტესტი, რომელიც გამოიყენებოდა სპერმის ხარისხის შესაფასებლად. იგი შეისწავლის სპერმის რიგ მნიშვნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა: სპერმის მოცულობა, რაოდენობა, მოძრაობის უნარი, მორფოლოგია და სხვა. მაგრამ, ეს ფაქტორები შეზღუდულად ასახავს სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებელს. დღეისათვის შემუშავებულია უფრო დეტალური ტესტი, რომელიც აანალიზებს დნმ–ის დაზიანების დონეს სპერმატოზოიდებში. ასევე სპერმის სიმწიფეს და ტოქსინების რაოდენობას სპერმაში. დაზიანებული სპერმის პროცენტული მაჩვენებელი დნმ–ის ფრაგმენტაციის ინდექსად (DFI) მოიხსენიება. როდესაც ეს ტესტი აჩვენებს სპერმის დაზიანების 30 პროცენტზე მეტს, მაშინ ორსულობის სიხშირე მცირდება (თუნდაც ინ-ვიტრო განაყოფიერებით) და მნიშვნელოვნად იზრდება თვითნებითი აბორტის ალბათობა.
– რა არის იმ ძირითადი მიზეზების ჩამონათვალი, რამაც შესაძლებელია დააქვეითოს სპერმის ხარისხი?
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. სპერმის დაზიანების დიდი ნაწილი ხდება მას შემდეგ, რაც ის ტოვებს სათესლე ჯირკვალს და რეპროდუქციულ ტრაქტში (ეპიდიდიმიში) გადადის, სადაც ხდება სპერმის შენახვა, ტრანსპორტირება და მომწიფება. სათესლე, თავის მხრივ, წარმოადგენს დამცავ გარემოს, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც დნმ-ის დაზიანებას იწვევს. ნორმალური სპერმის ფუნქცია მოითხოვს თავისუფალი რადიკალების გარკვეულ დონეს. თუმცა, თავისუფალი რადიკალების გადაჭარბებული რაოდენობა გავლენას ახდენს სპერმის ფუნქციაზე, განაყოფიერებასა და შთამომავლობის ჯანმრთელობაზე. ოქსიდაციური სტრესი მამაკაცის უნაყოფობის კარგად დადგენილი მიზეზია, რაც  უნაყოფო მამაკაცების 50% -ში გვხვდება. ოქსიდაციური სტრესი, უპირველეს ყოვლისა, უნაყოფობას იწვევს სპერმის მოძრაობის და დნმ-ს მთლიანობის დარღვევით.
სპერმის ხარისხი ასევე შესაძლოა დააქვეითოს შემდეგმა ფაქტორებმა: ვარიკოცელე (სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება), ჰორმონალური დარღვევები, პროსტატის ინფექციური დაავადებები, ანტიდეპრესანტების მიღება, ქიმიოთერაპია სიმსივნური პროცესების სამკურნალოდ, ცხელება, სტრესი, სხეულის ჭარბი წონა, გადაჭარბებული კოფეინის მოხმარება, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, სპერმის ხარისხი, ისევე როგორც მისი მოცულობა და მოძრაობა, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვეულებრივ მცირდება.
– როგორ შეიძლება გავზარდოთ სპერმის ხარისხი და შესაბამისად, ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების ალბათობა?
არსებობს სპერმის ხარისხის გაუმჯობესების მთელი რიგი გზები, საკვებიდან დაწყებული ყოველდღიური რჩევებით დამთავრებული.  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი: რეგულარული ვარჯიში, სწორი და დაბალანსებული კვება, ფსიქოლოგიური სტრესის შემცირება, ცხელი აბაზანების, ჭარბი კოფეინის, თამბაქოს და ალკოჰოლის თავიდან არიდება.
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი ნივთიერებების კომბინაცია, როგორიცაა: მიო-ინოზიტოლი, N-აცეტილცისტეინი,  E ვიტამინი, L- კარნიტინი, L – არგინინი,  ეფექტურად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს მამაკაცებში უნაყოფობის დიაგნოზით. ამასთანავე დადგენილია, რომ  მსგავსი ანტიოქსიდანტური თერაპია ინ-ვიტრო განაყოფიერების ციკლებამდე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კვერცხუჯრედების ფერტილიზაციის სიხშირეს, ემბრიონების განვითარებას, ზრდის მიღებული ბლასტოცისტების რაოდენობას, რაც შესაბამისად დადებითად აისახება მიღებული კლინიკური ორსულობების და ცოცხლად შობადობის სიხშირეზე.