საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

  • innoteam
  • ხუთშაბათი, der 4. მარტი 2021
  • ბლოგი
  • გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
რა არის საშვილოსნოს ყელის დისპლაზია? რა არის დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? შესაძლებელია თუ არა გართულებების პრევენცია? აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კოლპოსკოპისტი, საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე, კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა დაავადებების მართვის IFCPC- IARC კურსის საერთაშორისო ტრენერი, თამარ ალიბეგაშვილი.
– რა არის საშვილოსნოს ყელის დისპლაზია?
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას წინ უსწრებს კიბოსწინარე მდგომარეობა, რომლის კრებსითი სახელწოდებაა დისპლაზია. მისი სინონიმი ახალი კლასიფიკაციით არის საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია, CIN აბრევიატურით. საშვილოსნოს ყელის მრავალ შრიან ბრტყელ ეპითელიუმში მიმდინარე პათოლოგიური დეზორგანიზაციის პროცესის გავრცობიდან გამომდინარე, განასხვავებენ დისპლაზიის რამდენიმე ხარისხს: მსუბუქი დისპლაზია ( CIN1), ზომიერი დისპლაზია ( CIN2) და მძიმე დისპლაზია ( CIN3).
– რა არის დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები და რისკ ფაქტორები?
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის განვითარების მთავარი მიზეზი არის სქესობრივი გზით გადამდები პაპილომავირუსი (HPV). ამჟამად, გამოვლენილია 100-ზე მეტი სახეობა ამ ვირუსის, მათ შორის 40 ტიპი არის ტროპული ლორწოვანი გარსის მიმართ. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად შესწევს ამა თუ იმ პაპილომავირუსის შტამს გამოიწვიოს ონკოლოგიური პროცესი განასხვავებენ პაპილომავირუსის დაბალი და მაღალი რისკის ტიპებს. დღეისათვის გამოვლენილია მაღალი რისკის  HPV-ის თექვსმეტი ტიპი: 16, 18, 31, 33, 34, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68 და 70. მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიულია HPV მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%-ს. გარდა გამომწვევი მიზეზის არსებობისა, იმისთვის რომ განვითარდეს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და  განიცადოს პროგრესი, უნდა არსებობდეს ხელის შემწყობი, ე.წ. რისკ-ფაქტორებიც. მათ შორის არის: სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში და მრავალი სქესობრივი პარტნიორი, ოთხზე მეტი მშობიარობა და პირველი მშობიარობა ადრეულ ასაკში, კონდომის გამოუყენებლობა, ხანგრძლივი დროით ჰორმონალური კონტრაცეპციის მოხმარება (5 წელზე მეტი),  ნიკოტინის მოხმარება, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, კერძოდ: ტრიქომონით, ჰერპეს მე-2 ტიპის ვირუსით და ქლამიდიით ინფიცირება, იმუნოკომპრომისული მდგომარეობა, გამოწვეული აივ ინფექციით, ან სხვადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ იმუნოსუპრესული მედიკამენტების მიღებით.
– რა ასაკში გვხვდება დისპლაზია ყველაზე ხშირად?
სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალი შესაძლოა დაინფიცირდეს პაპილომავირუსით, რასაც რამდენიმე თვეში შესაძლოა მოჰყვეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანება – დისპლაზიის (CIN) ჩამოყალიბება. მაგრამ, რამდენადაც ადვილად შეიძლება მოხდეს ქალის დაინფიცირება HPV ვირუსით, მყარი იმუნიტეტის პირობებში, ასევე ადვილად ხდება ვირუსის განდევნა – კლირენსი ორგანიზმიდან ყველა თანმდევი მდგომარეობის უკუგანვითარებით. შემთხვევათა 97%-ში პაპილომავირუსი ტოვებს ქალის ორგანიზმს. მაგრამ თუ სახეზეა მაღალი რისკის პაპილომავირუსით ხანგრძლივი დროით ინფიცირება  (მოპერსისტენციე ინფექცია), ზემოთ ჩამოთვლილი რისკ ფაქტორების თანაარსებობით, მაშინ დროთა განმავლობაში ხდება დისპლაზიის პროგრესი საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებით. ამგვარად, დისპლაზია შესაძლოა ჩვენ შეგვხვდეს ქალის ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მძიმე დისპლაზია ყველაზე უფრო ხშირია 30-40 წლის ასაკის ქალებში.
– როგორია დაავადების პირველი ნიშნები და სიმპტომები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? 
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას კლინიკური გამოვლინება არ აქვს. სწორედ უსიმპტომოდ მიმდინარე კიბოსწინა მდგომარეობის არსებობაში გამოიხატება საშვილოსნოს ყელის კიბოს ვერაგობა. როდესაც სახეზეა კლინიკური ნიშანი სისხლისდენის სახით, ეს უკვე ონკოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მაუწყებელია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კლინიკურად ჯანმრთელი მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევა-სკრინინგი, რომლის დროსაც შესაძლებელია უჩუმრად მიმდინარე პროცესის აღმოჩენა და მისი სწორი მართვა.
– დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება დღესდღეობით? 
საშვილოსნოს ყელის დაზიანების გამოვლენა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:
1. Pap  ტესტი – ციტოლოგიური კვლევა, როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსიდან აღებული ნაცხის შესწავლით ხდება არანორმული უჯრედების გამოვლენა და ატიპიის ხარისხის დადგენა: ASCUS, LSIL, ASC-H, HSIL, AGC და კიბო.
2. Hr-HPVტესტი – მოლეკულური კვლევა მაღალი რისკის პაპილომავირუსის გენომის აღმოსაჩენად. დადებითი Hr-HPV ტესტი მიგვანიშნებს ონკოაგრესიული ვირუსით ინფიცირების შესახებ და საშვილოსნოს ყელის შესაძლო დაზიანების არსებობაზე. კვლევა განსაკუთრებულად ინფორმაციულია 30 წლის ასაკის ზევით ქალებში.
3. კოლპოსკოპია – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი, რომელიც გადიდებული გამოსახულების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. კოლპოსკოპიის დროს ხდება საშვილოსნოს ყელზე ძმარმჟავას და ლუგოლის ხსნარების აპლიკაციით გამოწვეული ცვლილებების შეფასება და დაზიანების უბნის და დაზიანების ხარისხის განსაზღვრა.
4. ბიოფსია პათომორფოლოგიური კვლევით – კოლპოსკოპიური კვლევით გამოვლენილი დაზიანების უბნიდან სპეციალური ხელსაწყოთი – კონხოტომით – მიღებული ქსოვილოვანი ნიმუშის მორფოლოგიური შესწავლით ხდება დისპლაზიის ზუსტი ხარისხის დადგენა (CIN1, CIN2, CIN3).
– რას გვეტყვით მკურნალობის მედიკამენტოზურ მეთოდებზე, შესაძლებელია თუ არა ამ გზით დაავადების სიმსივნურ სტადიაზე გადასვლის პრევენცია?
სხვადასხვა ხარისხის დისპლაზია იმართება განსხვავებულად.  ამ დროს უნდა იყოს გათვალისწინებული დაზიანების ხარისხი, ლოკალიზაცია, Pap  ტესტის და Hr-HPVტესტის მაჩვენებლები, ქალის ასაკი და შვილოსნობის სურვილი.
მსუბუქი დისპლაზია,  CIN1,  ხშირად მხოლოდ  დაკვირვების რეჟიმს მოითხოვს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ პაპილომავირუსს გაანადგურებს. მაგრამ, ლაბორატორიულმა და კლინიკურმა კვლევებმა  აჩვენა, რომ ინდონალ-3-კარბინოლს და რესვერატროლს პაპილომავირუსის E6 და E7 გენების ინჰიბიციით შეუძლიათ, ერთის მხრივ, პაპილომავირუსით ინფიცირებული უჯრედების ფიზიოლოგიური სიკვდილი – აპოპტოზი გამოიწვიონ, ხოლო მეორეს მხრივ, EGF ზრდის ფაქტორის და CDK პროტეინკინაზის წარმოქმნის შემცირებით დისპლაზიური უჯრედის გამრავლება შეაჩეროს G1 ფაზაში და ამით შეაფერხოს არაკონტროლირებადი პროლიფერაცია და, შესაბამისად, ხელი შეუშალოს დისპლაზიის პროგრესის განვითარებას.
როდესაც საქმე გვაქვს ზომიერ და მძიმე დისპლაზიასთან (CIN2 და CIN3), მაშინ დგება მკურნალობის საკითხი, რა დროსაც ხდება დაზიანების კერის მოშორება ექსციზიური მეთოდით ( საშვილოსნოს ყელის კონიზაცია – LEEP). ვინაიდან მკურნალობის შემდეგაც არის 5-10 %-იანი ალბათობა დაზიანების თავიდან აღმოცენების, ამიტომ აუცილებელია ქალების მჭიდრო მონიტორინგის გაგრძელება, ხოლო რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით  შესაძლებელია ინდონალ-3-კარბინოლის და რესვერატროლის კომბინაციის დანიშვნა.
ინდონალი პარტნერი – საკვები დანამატი ინდოლ-3-კარბინოლისა და რესვერატროლის შემცველობით.