ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

  • innoteam
  • ორშაბათი, der 12. ივლისი 2021
  • ბლოგი
  • გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი
ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებასთან (ESSM) აფილირებული ეროვნული საზოგადოების (NAS) – საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ზურაბ მარშანია.
– ბატონო ზურაბ, რა არის ანდროპაუზა და რა ასაკში ვლინდება ის?
ანდროპაუზას უწოდებენ მრავალი სიმპტომის ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის ასაკობრივ დეფიციტთან. ბოლო პერიოდში  ანდროპაუზა სხვა სახელწოდებით – მამაკაცის ხნოვანობის  სინდრომით მოიხსენიება, რომელიც უკვე ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად ითვლება. ანდროპაუზის, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის დიაგნოზი 35-დან 65 წლის ასაკის მამაკაცებში ისმება.
 – რა ცვლილებებს განიცდის ანდროპაუზის დროს მამაკაცის ორგანიზმი?
დადგენილია, რომ ტესტოსტერონის დონე ხნოვან მამაკაცებში კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად. ჯანმრთელ მამაკაცებში საერთო ტესტოსტერონის შემცველობა პლაზმაში არსებითად არ იცვლება 50-55 წლის ასაკამდე, შემდგომ კი მისი დონე იკლებს 1%-ით წელიწადში. ანდროპაუზის (მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის) დროს კი ტესტოსტერონის დონის დაქვეითება მამაკაცებში 30 წლის ასაკიდან იწყება. სიცოცხლის მესამე დეკადიდან საერთო ტესტოსტერონის შემცველობის ყოველწლიური კლება 1,6%-ს აღწევს, თავისუფალი ტესტოსტერონისა კი – 2,8%-ს, რაც კლინიკურად ვლინდება, პირველ რიგში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციისა და მეტაბოლიზმის დარღვევით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ფსიქიკური აშლილობებითა და სექსუალური დისფუნქციებით განპირობებული სიმპტომებით.
– რას უჩივიან ყველაზე ხშირად მამაკაცები და რა სახის გართულებებია მოსალოდნელი ანდროპაუზის (მამაკაცის ხნოვანების სინდრომის) დროს?
ანდროპაუზის დროს მამაკაცები უჩივიან: საერთო სისუსტეს, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, წონაში მატებას, ჰაერის უკმარისობას (განსაკუთრებით ღამის საათებში – ძილის აპნოე), თავბრუსხვევას, ტკივილებს გულის არეში, გულის ფრიალს, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო სექსუალური დისფუნქციებია, რომელთა შორის ყველაზე ადრე ლიბიდოს მკვეთრი  დაქვეითება ვლინდება.  ხშირია ანდროპაუზის (მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის) დროს ერექციული დისფუნქცია, რომელიც ადეკვატური ერექციების დაქვეითებით ვლინდება.  არასრული  ერექციები აღენიშნებათ 45-59 წლის მამაკაცების 53%-ს,  ერექციის არარსებობა კი 14%-ს. ეაკულაციის აჩქარება აღინიშნება მხოლოდ 17%-ში, შენელება – 19%-ში, ეაკულაციის არარსებობა (ანეაკულატორული სინდრომი) კი – 8%-ში.  მამაკაცის ხნოვანობის სინდრომისათვის ასევე ტიპიურია ორგაზმის გაფერმკრთალება, რომელიც  აღენიშნება პაციენტების 45-49%-ს. შედარებით იშვიათია მტკივნეული ორგაზმი და ორგასტიული შეგრძნების გაქრობა (შესაბამისად, 17 და 9%-ში). ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად არ გვხვდება რომელიმე ერთი სახის სექსუალური დისფუნქცია. ანდროპაუზისთვის ტიპიურია ერთდროულად რამდენიმე სახის, ანუ შერეული ხასიათის სექსუალური დისფუნქციების განვითარება. მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის ფონზე განვითარებული ერექციული დისფუნქცია მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან, დისლიპიდემიასთან, ჰიპერქოლესტერინემიასთან და სიმსუქნესთან. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ასოს სისხლძარღვოვან ენდოთელიუმზე და განაპირობებს მისი ფუნქციის მოშლას. ამასთან ერთად, ხანში შესულ მამაკაცებს ხშირად აღენიშნებათ ასოს მკვებავი კავერნოზული სხეულების სისხლძარღვთა სისტემის (აორტა, თეძოს შიგნითა არტერია, სასქესო არტერიები, ასოს არტერიები) ათეროსკლეროზული დაზიანება, რაც შეიძლება კავერნოზული სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზად იქცეს. უახლესი გამოკვლევების თანახმად, მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის (ანდროპაუზის) დროს განვითარებულ ერექციულ დისფუნქციას საფუძვლად უდევს კავერნოზული არტერიების არა ორგანული, არამედ  ფუნქციონალური და პოტენციურად შექცევადი  დაზიანება, ათეროსკლეროზის განვითარების ფუნქციონალური სტადიისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიის განვითარების დამოუკიდებელი წინაპირობის სახით.
 – რა შემთხვევაშია აუცილებელი ანდროპაუზის დროს მკურნალობის დაწყება?
მკურნალობის დაწყება დაკავშირებულია იმასთან, თუ  რამდენადაა გამოხატული, საერთო ტესტოსტერონის დონის მკვეთრი დაქვეითების ფონზე, ესა თუ ის პათოლოგია (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შინაგანი სეკრეციის ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის და ა.შ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუალური დისფუნქციების სიმძიმე. აუცილებელია შეფასდეს, თუ როგორია ლიპიდების სპექტრი, ჰომა ინდექსი (ინსულინ რეზისტენტობა და ბეტა უჯრედების რაოდენობა), გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის დონე. საპასუხისმგებლო ამოცანაა მამაკაცის ხნოვანობის სინდრომით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციების დროს ანამნეზის შეგროვება. აუცილებელია დაზუსტდეს ერექციული დისფუნქციის წარმოშობის გარემოებები, ერექციების ხასიათი, ასევე თანმხლებ დაავადებებთან (გულ-სისხლძაღვთა, შარდ-სასქესო, ნერვული სისტემის  პათოლოგიისა და შაქრიანი დიაბეტის) მისი კავშირი. უაღრესად ინფორმატიულია ანკეტირების გამოყენება ერექტილური ფუნქციის საერთაშორისო ინდექსის IIEF-15-ის მეშვეობით. ასევე აუცილებელია: ჰორმონალური სტატუსის გამოკვლევა (საერთო ტესტოსტერონის მუდმივი მონიტორინგი, პროლაქტინის, პროსტატოსპეციფიკური ანტიგენის, გონადოტროპული ჰორმონების დონის განსაზღვრა). და ბოლოს, ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოდიაგნოსტიკური გამოკვლევა ფსიქიკური აშლილობების გამოვლენისა და ადეკვატური, ჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნის მიზნით.
 – როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანდროპაუზას (მამაკაცის ხნოვანობის სინდრომს), ამ პათოლოგიის დროს არსებულ სექსუალურ დისფუნქციებს?
ყველა შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს დიაგნოსტირებული პათოლოგიის მკურნალობითა და ჩანაცვლებითი ტესტოსტერონო თერაპიით. ტესტოსტერონის პრეპარატების, ტესტოსტერონის ცალკეული ფრაქციების – კერძოდ დეჰიდროეპიანდროსტერონის შემცველი მედიკამენტების (მაგალითად, ბიოსტერონის) დანიშვნამდე აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის საგულდაგულო დადგენა პროსტატის კიბოსა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) გამორიცხვის მიზნით. დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული ანდროპაუზის დროს განვითარებული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა, რომელიც კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. თუმცა, ფოსფოდიესტერაზა-5 (ფდე-5)-ის ინჰიბიტორები პირველი ხაზის თერაპიის“ სამკურნალო პრეპარატებს განეკუთვნებიან. მათი გამოყენება იწვევს სისტემური და ლოკალური ენდოთელიარული ფუნქციის გაუმჯობესებას ერექციული დისფუნქციით  შეპყრობილ პაციენტებში. ფდე-5-ის ინჰიპიტორების ეფექტურობა ერექტილური დისფუნქციის დროს, 70%-მდე აღწევს. ამავე დროს, 20-40% შემთხვევებში მათი გამოყენება ვერ იძლევა სასურველ შედეგს. არაადეკვატური ერექტილური პასუხი ფდე-5-ის ინჰიბიტორების მაქსიმალური დოზით გამოყენებაზე, შეიძლება გამოწვეული იყოს ანდროგენული უკმარისობით, რაც აიხსნება იმით, რომ ანდროგენებს აქვთ უნარი პირდაპირ აკონტროლონ NO-სინთაზის ექსპრესია და მისი აქტივობა ასოს კავერნოზულ სხეულებში. შესაბამისად,  ჩანაცვლებითმა ანდროგენოთერაპიამ შეიძლება გააუმჯობესოს ერექტილური პასუხი ფდე-5-ის ინჰიბიტორებზე. ანდროპაუზის (მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის) სამკურნალო “ტრიადის” – ფდე-5-ის ინჰიპიტორების, ჩანაცვლებითი ანდროგენოთერაპიისა   და ფსიქოთერაპიის გარდა, მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის დროს არსებული სექსუალური დისფუნქციების კომპლექსური მკურნალობის პროცესში, ასევე გამოიყენება სხვა მეთოდებიც: ადაპტოგენები, ბიოსტიმულატორები, ჩვენების და მიხედვით კი „მეორე ხაზისა“ (ინექციური თერაპია) და „მესამე ხაზის“ თერაპია  ასოს პროტეზირების (ფალოენდოპროტეზირების) სახით. მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის (ანდროპაუზის) დროს განვითარებული სექსუალური დისფუნქციების რეციდივების თავიდან აცილებისა და პაციენტების სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ძალზე მნიშვნელოვანია, რათა  ცოლ-ქმრულმა წყვილმა მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოს სექსუალური ურთიერთდაკმაყოფილების ფორმები,  გააფართოვოს სქესობრივი აქტის ჩატარებისას მისაღებობის დიაპაზონი, რითაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ხნოვანი ცოლ-ქმრის ურთიერთადაპტაცია შეცვლილ სექსუალურ მოთხოვნებთან მიმართებაში.