„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში
„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა გეგეჭკორი.
ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ ეტაპებს გადის – მუცლადყოფნის, ახალშობილობის, ადრეული ბავშვობის, ბავშვობის, მოზარდობის, რეპროდუქციული ასაკის, მენოპაუზის/ანდროპაუზის (ტესტოსტერონის ასაკობრივი შედარებითი დეფიციტის), ჭარმაგ ასაკსა და სიბერეს…. საინტერესოა, რომ ამ ეტაპებთან ასოცირებული ფიზიოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების – ქალის სასქესო სტეროიდების – ესტროგენების და პროგესტერონის, მამაკაცის სასქესო სტეროიდების – ანდროგენების, ცვლილებებთან. ქალის ორგანიზმში არის ორივე სახეობის სასქესო სტეროიდი, ისევე როგორც მამაკაცის ორგანიზმში, მეტიც – მათ სერიოზული ფუნქციური დატვირთვა აქვთ. ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონებს, ანდროგენებს, გამოიმუშავებს საკვერცხე და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი. საკვერცხეში გამომუშავდება ანდროსტენდიონი და ტესტოსტერონი. ანდროსტენდიონის დიდი წილი ტესტოსტერონად გარდაიქმნება. ანალოგიური პროცესი ხდება თირკმელზედა ჯირკვალში. თირკმელზედა ჯირკვალში სეკრეტირდება ასევე ექსკლუზიურად მისთვის დამახასიათებელი ანდროგენი, დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA), რომელიც სისხლში მოხვედრისთანავე იქცევა დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატად (DHEA-S), ფუნქციონალურად ის განიხილება თავის წინამორბედ კო-პროდუქტთან, 17-ჰიდროქსიპროგესტერონთან (17 a-OH-P) ერთად. თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვთ – პრეპუბერტატის (გარდატეხის ასაკის) ინიციაციის წარმართვაში, ცენტრალური რეგულაციური მექანიზმების „ჩართვაში“, გოგონებისგან ქალობაში ტრანსფორმაციასა და ვაჟებისგან მამაკაცობაში შებიჯებაში.
ასევე დამტკიცებულია სხვადასხვა ანდროგენის განსხვავებული ზეგავლენა ცხიმოვან ქსოვილსა და ორგანიზმში ცხიმის წარმოებაზე – ტესტოსტერონი, როგორც ლიპოგენეზური, და DHEA-S, როგორც ლიპოლიზური მოქმედების ჰორმონები. თირკმელზედა ჯირკვლების ანდროგენი და მისი მეტაბოლიტები ფიზიოლოგიურ პიკს აღწევენ 19-20 წლის ასაკისთვის და შემდგომში იწყებენ ნელ-ნელა კლებას. ეს პროცესი შედარებით ინტენსიური ხდება 32-35 წლისთვის. 40-44 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო 55-65 წლის ასაკში მხოლოდ მათი მიზერული რაოდენობა რჩება. თავისი ფუნქციური სპექტრისა და პიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, DHEA-სა და DHEA-S-ს „ახალგაზრდულ ჰორმონებსაც“ ეძახიან.
შესაბამისად ამ ფუნქციებისა, საუკუნეების მიჯნაზე, გაჩნდა ჰიპოთეზები, რომ სასქესო სტეროიდების დეფიციტთან ასოცირებული პრობლემების კორექციისთვის შესაძლოა DHEA და DHEA-S ეფექტების დანამატების გამოყენება გარკვეულ, ასაკთან ასოცირებულ პრობლემებთან – ისინი მოქმედებენ როგორც ე.წ. „დეპოზიტი პრო-ჰორმონი“ აქტიური მეტაბოლიტების წარმოებისთვის, დადებით გავლენას ახდენენ ქცევასა და ჰორმონულ პარამეტრებზე. განიხილება რამდენიმე სამედიცინო სიტუაცია – საკვერცხის რეზერვული სიმწირე და ამ პროცესთან ასოცირებული ფერტილობის პრობლემები, სასქესო სტეროიდების ასაკობრივი განლევა და მათთან ასოცირებული სპეციფიკური ნეიროენდოკრინული ცვლილებები, როგორც ხანდაზმულობასთან ადაპტაციის ფიზიოლოგიური მექანიზმი, მეტაბოლური პრობლემები (სხეულის მასის ცვლილება, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების თავისებურებები), ძვლოვანი მასის ასაკობრივი ცვალებადობა. ამ მიმართულებით, აღნიშნული ჰიპოთეზის გასამტკიცებლად არაერთი შრომა დაიგეგმა და ჩატარდა – ორიენტაციით საკვერცხის რეზერვული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, სომატოლიბერინის და ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორ-1-ზე (იმზფ-1), ნეიროაქტიური სტეროიდების მოდულაციაზე, ძვლის სიმკვრივეზე დადებით ზეგავლენაზე ადრეულ და გვიან პოსტმენოპაუზაში. ძალიან საინტერესოა მიგნება DHEA -ს დანამატების ზეგავლენის შესახებ ქალის სექსუალურ ფუნქციაზე – ხატოვნად მას ქალის სექსუალურობის პლაცდარმს, ,,ახალ გაზაფხულს” უწოდებენ (a springboard hormone for female sexuality) [Beth Israel Deaconess Medical Center, Harvard medical School, Boston, Massachustts]
აღნიშნულმა შრომებმა და მათმა შედეგებმა ზემოთ მინიშნებული ჰიპოთეზები გარკვეულწილად გაამყარეს, თუმც DHEA-ს დანამატები ჯერ არ განიხილება, როგორც სამკურნალო საშუალება.
მიუხედავად ამისა, ამ დანამატებმა აჩვენეს კარგი ეფექტები როგორც ადიუვანტურმა თერაპიამ. რეპროდუქტოლოგებისთვის დიდი ხანია კარგად ცნობილია, გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის სამკურნალო სქემაში DHEA-ს დანამატების გამოყენება საკვერცხის რეზერვული სიმწირის სიტუაციური გაუმჯობესებისთვის. ავტორიტეტული შრომის დასკვნების მიხედვით, ასევე აქტიურად განიხილება DHEA-ს დანამატები, როგორც „ახალგაზრდობის ნიაღვარი“ – ჭარბი წონისა და სიმსუქნის თვალსაზრისით, ნეიროპროტექტორული თვისებებით, სექსუალობაზე დადებითი ზეგავლენით და ძვლის და სხვა მეტაბოლურ-ტროფიკული მახასიათებლების მიხედვით.