გესტაციური დიაბეტი
გესტაციური დიაბეტი – გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ ,,ციტო“-ს ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ მიქაშავიძე.
- რა არის გესტაციური დიაბეტი და რამდენად ხშირად გვხვდება ის ორსულებში?
- ვინ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს გესტაციური დიაბეტის განვითარებისთვის?
- რა მავნე გავლენა შესაძლოა იქონიოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობაზე, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ?
- ორსულობის რა ვადაზე ტარდება გესტაციური დიაბეტის სკრინინგი და რა გამოკვლევა ტარდება მის დასადგენად?
- როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის პრევენცია?
1. ქალბატონო თამარ, რა არის გესტაციური დიაბეტი და რამდენად ხშირად გვხვდება ის ორსულებში?
გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს განვითარებული შაქრის მაღალი რაოდენობა სისხლში, რომელიც მშობიარობის შემდეგ ძირითადად გაივლის. ის ემართება ორსულთა დაახლოებით 0.3%-ს. გესტაციური დიაბეტის დროს ორგანიზმს აღარ ძალუძს გამოყოს ან გამოიყენოს ორსულობის დროს საჭირო რაოდენობის ინსულინი, რის შედეგადაც ვეღარ ხდება გლუკოზის გადამუშავება, მცირდება მისი, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება და შესაბამისად, სისხლში იმატებს შაქრის დონე.2. ვინ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკ–ჯგუფს გესტაციური დიაბეტის განვითარებისთვის?
გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აღენიშნებათ:- გენეტიკაში შაქრიანი დიაბეტი;
- ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;
- წინა ორსულობისას გესტაციური დიაბეტის არსებობა;
- ჭარბი წონა (BMI>25);
- სიმსუქნე ბავშვობაში;
- ნაყოფის წონა წინა მშობიარობისას იყო 4 კგ. და მეტი;
- ასაკი (25 წელს გადაცილებული);
- ანამნეზში მკვდრადშობადობა;
- ნაყოფის განვითარების მანკი;
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
- გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;
- ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.
3. რა მავნე გავლენა შესაძლოა იქონიოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობაზე, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ?
თუ გესტაციური დიაბეტი დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული, თუ ორსული შესაბამის მკურნალობას არ იტარებს, იზრდება რისკი როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ შემდეგი გართულებების განვითარების:- პლაცენტის ნაადრევი მომწიფება;
- ნაყოფის განვითარების შეფერხება;
- ჭარბწყლიანობა;
- დიდი წონის ნაყოფი (მაკროსომია);
- ქალის და ნაყოფის ტრავმატიზაცია;
- ორსულებში არტერიული ჰიპერტენზია;
- პრეეკლამფსია;
- ნაადრევი მშობიარობა;
- მკვდრადშობადობა;
- მომავალში შაქრიანი დიაბეტის განვითარება;
- შესაძლო გართულებები ბავშვთა და მოზარდობის პერიოდში და სხვა.