მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი – გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი ლია ჯაში.
1. რა არის მეტაბოლური სინდრომი?
მეტაბოლური სინდრომი გულისხმობს გულ‐სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების კლასტერულ ერთიანობას ინსულინისადმი რეზისტენტობის ან/და სიმსუქნის მქონე პირებში. ტერმინი 1988 წელს შემოიღო ცნობილმა მეცნიერმა ჯერალდ რავენმა. სწორედ იმხანად შეამჩნიეს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, სისხლში ქოლესტერინის მატების შერწყმა ანუ ერთდროული არსებობა უკავშირდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გამო სიკვდილის მაღალ რისკს. ამ მიზეზით მეტაბოლურ სინდრომს სასიკვდილო კვარტეტი უწოდეს.
2. რა იწვევს მეტაბოლურ სინდრომს?
ტერმინით „მეტაბოლური სინდრომი“ აღინიშნება კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსი, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ტიპის სიმსუქნე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია და ათეროგენული დისლიპიდემია, რაც შეიძლება წარმოჩინდეს ტრიგლიცერიდების დონის მატებითა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტეროლის მომატებით.
მეტაბოლური სინდრომი ხშირად (თუმცა, არა ყოველთვის) სხვადასხვა დაავადებასთან არის დაკავშირებული. ასეთი კავშირების მიზეზ‐შედეგობრივი განხილვა შესაძლებელია სამი ძირითადი მიმართულებით:
- დაავადებები, რომელიც შესაძლოა მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს (სიმსუქნე; საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი); სმი (BMI) – 30 და მეტი;
- მეტაბოლური სინდრომის გართულებები: ათეროსკლეროზული გენეზის გულ‐სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი;
- მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული დაავადებები. მაგ., ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება; პოდაგრა.
3. რა ნიშნები ახასიათებს მეტაბოლურ სინდრომს?
მეტაბოლური სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. არსებობს ამ სინდრომის რამდენიმე საერთაშორისო კლასიფიკაცია.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF) ,,კონსენსუსის პანელის“ უახლესი დეფინიციით მეტაბოლური სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკა:
ცენტრალური (ინტრააბდომინალური) სიმსუქნე: ეთნიკური ფაქტორის გათვალისწინებით შემუშავებული კრიტერიუმი ‐ წელის გარშემოწერილობა ≥94 სმ ევროპეიდულ მამაკაცებში და ≥80 სმ ევროპეიდულ ქალებში
და ნებისმიერი ორი შემდეგი ოთხი კომპონენტიდან:
- მომატებული ტრიგლიცერიდები: ≥1.7 მმოლ/ლ (≥150 მგ/დლ) ან სპეციფიკური მკურნალობა ამ ლიპიდური დარღვევისთვის;
- დაბალი HDL ქოლესტერინი: < 50 მგ/დლ ქალებში ან სპეციფიკური მკურნალობა ამ ლიპიდური დარღვევისთვის;
- მომატებული სისხლის წნევა: სისხლის სისტოლური წნევა ≥130 მმ.ვწყ.სვ და სისხლის დიასტოლური წნევა ≥85 მმ.ვწყ.სვ ან მკურნალობა ადრე დადგენილი ჰიპერტენზიის გამო;
- დარღვეული გლიკემია უზმოზე: უზმოზე პლაზმის გლუკოზა ≥5.6 მმოლ/ლ (≥100 მგ/დლ) ან ადრე დადგენილი ტიპი 2 დიაბეტი.
4. რა არის მეტაბოლური სინდრომის ძირითადი გართულებები?
სინდრომის ძირითადი პათოგენეზური რგოლი არის ინსულინრეზისტენტობა. ჰიპერინსულინემია შემდგომში იწვევს ჰიპერგლიკემიას, დისლიპიდემიას, ემატება სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება, რაც არტერიული ჰიპერტენზიის განმაპირობებელია. ჰიპერკოაგულაცია და ჰიპერურიკემია ასევე შეიძლება თან ახლდეს ამ დარღვევებს.
განსაკუთრებული ადგილი მეტაბოლური სინდრომის განვითარებაში უკავია საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომს, ამ დროს ინსულინის მაღალი დონე ასტიმულირებს ანდროგენის პროდუქციას თეკა უჯრედების მიერ და აქვეითებს ღვიძლში სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის წარმოქმნას, რომელიც ჩვეულებრივ, ახდენს მოცირკულირე ანდროგენის დიდი ნაწილის ინაქტივაციას. ამის შედეგია სისხლში თავისუფლად მოცირკულირე ანდროგენის დონის მომატება, რაც ქალებში იწვევს: ჰიპომენორეას, ანოვულაციას და ჰირსუტიზმს. მეტაბოლური ანოვულაცია მეტაბოლური სინდრომის ,,არაძირითადი”, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც ვლინდება შვილოსნობის ასაკის ქალების 6%‐ში. ჰიპერინსულინემია უმეტესად აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება და უდავოდ მომავალი დიაბეტური და კარდიო‐ვასკულური რისკის მნიშვნელოვანი ადრეული ინდიკატორია.
5. რა განსაზღვრავს მეტაბოლური სინდრომის სიმძიმის ხარისხს?
მეტაბოლური სინდრომის სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეუქცევადად გადავიდა განვითარების მომდევნო ფაზაში და როგორია ამ ფაზაში ჩამოყალიბებული დაავადებათა გართულებების (დიაბეტი, ჰიპერტონია, პოლიკისტოზი და ა.შ.) სიმძიმის ხარისხი. მთავარია გულ‐სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკის ზრდა, რაც ზრდის პაციენტის ინვალიდიზაციის ხარისხს და წარმოადგენს სიკვდილობის მთავარ მიზეზს.
6. რა სიახლეებია მედიცინაში მეტაბოლური სინდრომის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით?
მეტაბოლური სინდრომის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით, პირველ რიგში, რაც აუცილებელია ეს არის ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, აუცილებელია სმი (BMI) 5-10%-ით შემცირება. დიეტა – სწორი კვება – გულისხმობს ნახშირწყლების პროცენტულ შემცირებას დღის რაციონში. 50%-ით შემცირებული ნახშირწყლები, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების ჩანაცვლება რთული ნახშირწყლებით, უჯრედისით მდიდარი საკვები, ცილების მიღება ნაკლები წითელი ხორციდან და მეტი თევზი, ქათამი, კურდღელი, ინდაური. სწორი კვება ფიზიკური აქტიურობის გარეშე არ არის ეფექტური, ამიტომ მოწოდებულია 30 წუთიანი ყოველდღიური სიარული, ან კვირაში 150 წუთით აერობიკა დარბაზში.
ასევე მნიშნელოვანია, პირველ რიგში, ინსულინრეზისტენტობის მოწესრიგება და სწორად შერჩეული მედიკამენტური თერაპია. პირველი რიგის თერაპიას ამ დროს წარმოადგენს მეტფორმინი, ბოლო პერიოდში აქტიურადაა ჩართული მკურნალობაში GLP1- აგონისტები, მაგრამ ამ პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მიერ და კონტროლით.
ბოლო წლებია, რაც აქტუალურია და ეფექტურად გამოიყენება ინოზიტოლის შემცველი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა მაგალითად ინოფოლიკი HP (როდესაც სმი < 25) და ინოფოლიკი კომბი HP (როდესაც სმი ≥ 25). ეს არის ინოვაციური საშუალება, რომელიც შეიცავს: მიო-ინოზიტოლს, D – ქირო-ინოზიტოლს, ალფა ლაქტალბუმინსა და ფოლიუმის მჟავას. კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნული კომბინაციის გამოყენება ეფექტურია ინსულინ რეზისტენობის, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის დროს.
თუ აღნიშნული საშუალებებით ვერ მოხერდა წონის კლება, ამ შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს ექიმის მიერ ბარიატრიული ქირურგიის საკითხი.
ინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.
ინოფოლიკი კომბი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, D-ქირო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.