1. ქალბატონო ნათია, რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან ფუნქციონირებას ორსულობის დროს?ფარისებრი ჯირკვალი არის პეპლის ფორმის ორგანო, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე. მასში გამომუშავდება ორი ძირითადი ჰორმონი – თიროქსინი და ტრიიოდთირონინი, რომლებიც უზრუნველყოფს ნორმალურ მეტაბოლიზმს, თავის ტვინის, გულის, კუნთებისა და სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. თიროქსინის სეკრეცია სტიმულირდება ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მიერ, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში, კერძოდ, ადენოჰიპოფიზში და უკუკავშირის პრინციპით ხდება თიროიდული ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნება სისხლში. სწორედ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის სისხლის პლაზმაში განსაზღვრა წარმოადგენს პირველ ნაბიჯს სხვადასხვა თიროიდული პათოლოგიის დიაგნოსტირების დროს. მაშინ როდესაც სისხლის პლაზმაში TSH-ის დონე აჭარბებს ლაბორატორიულად დასაშვები ნორმის მაქსიმალურ დონეს, საუბარია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე, ანუ პირველად ჰიპოთირეოზზე.
ორსულობა არის მდგომარეობა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ბევრი ფიზიოლოგიური თუ ჰორმონული ცვლილება. მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის მხრივ.
ორსულობის პირველი 18-20 კვირის განმავლობაში ნაყოფი მთლიანად არის დამოკიდებული დედის ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონის რაოდენობაზე. ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასასრულს, საკუთრივ, ბავშვის ფარისებრი ჯირკვალი იწყებს თიროიდული ჰორმონების სეკრეციას.
2. რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ორსულობის დროს?
ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ზოგადად და ორსულობის დროსაც გახლავთ აუტოიმუნური დარღვევა, ანუ ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, როდესაც იმუნური სისტემა საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ცვლიან ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის და ფუნქციის მხრივ მდგომარეობას. ჰიპოთირეოზის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე შესაძლოა იყოს იოდის დეფიციტი.3. რა საფრთხის მომცველი შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზი ორსული დედისთვის და დედის ჰიპოთირეოზი ნაყოფის განვითარებისათვის?არანამკურნალები ან არასრულფასოვნად ნამკურნალები ჰიპოთირეოზის დროს იზრდება: სპონტანური აბორტის, პრე-ეკლამფსიის, ანემიის, გულის უკმარისობის, კუნთების ტკივილის და სისუტის, პლაცენტის ანომალიების, ნაადრევი მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენების განვითარების რისკი. ეს გართულებები უფრო ხშირად გვხვდება მძიმე ჰიპოთირეოზის მქონე ქალბატონებში. მსუბუქი ჰიპოთირეოზის მქონე ქალბატონებს შესაძლოა, არც ჰქონდეთ რაიმე სახის სიმპტომი. რაც შეეხება ნაყოფს, დედის ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ზრდა-განვითარებისა და თავის ტვინის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფის თავის ტვინის განვითარების მხრივ დარღვევები შეიძლება განაპირობოს მსუბუქი ხარისხის დედის პიპოთირეოზმაც კი. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაავადებულ ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ საკმაოდ მწვავე დარღვევები როგორც გონებრივი განვითარების, ისე ნევროლოგიური კუთხით. ასეთ ბავშვებში აუცილებელია დროულად იქნას დაწყებული შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხსენებული მდგომარეობები. ამიტომ აუცილებელია, ყველა ბავშვს დაბადებისას ჩაუტარონ კვლევა ნეონატალურ თირეოტროპულ ჰორმონზე, რათა პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად იქნას დაწყებული შენაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით.4. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ჰიპოთირეოზს ორსულ ქალბატონებში?
მედიკამენტური მკურნალობა ჰიპოთირეოზის დროს, ძირითადად, გულისხმობს შენაცვლებით თერაპიას თიროიდული ჰორმონებით. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ორსულობის დადგენამდე, ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე მოხდეს თიროიდული ჰორმონული სტატუსის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, დაწყებულ იქნას თიროიდული ჰორმონებით შენაცვლებითი თერაპია. ხოლო ქალბატონები, რომელთაც ორსულობამდე უკვე დადასტურებული აქვთ ჰიპოთირეოზის არსებობა, ორსულობის დადგენისთანავე რეკომენდებულია დაუკავშირდნენ მკურნალ ენდოკრინოლოგს, რათა მოხდეს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტის დოზის კორექცია.
ორსულობის დროს, დაახლოებით, 25-50 %-ით იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. ორსულობის ვადის მატებასთან ერთად, შესაბამისად უნდა მოხდეს მედიკამენტის დოზის ტიტრაცია, რათა TSH-ის დონე სისხლის პლაზმაში არ აღემატებოდეს ორსულობის სხვადასხვა ტრიმესტრისთვის დასაშვები ნორმის მაჩვენებელს.5. რა ინტენსივობით უნდა მოხდეს ლაბორატორიული კონტროლი ჰიპოთირეოზის დადასტურების შემთხვევაში?
რეკომენდებულია, ორსულობის პირველ ნახევარში 4 კვირაში ერთხელ ჩატარდეს თიროიდული ჰორმონული პარამეტრების განსაზღვრა სისხლში (TSH, FT4), რათა დავრწმუნდეთ რომ დედის ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ადეკვატური რაოდენობითაა. მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია ისიც, რომ მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს მედიკამენტის დოზის კორექცია, რათა თავიდან ავიცილოთ მედიკამენტის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული თირეოტოქსიკოზი – ანუ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე.6. ესაჭიროება, თუ არა ყველა ორსულს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო ლაბორატორიული კვლევის ჩატარება?
საერთო შეთანხმება იმის შესახებ, უნდა ჩაიტაროს თუ არა ლაბორატორიული კვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ყველა ქალბატონმა, ვინც გეგმავს ორსულობას არ არსებობს, თუმცა ამერიკის თიროიდოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, რომ ორსულობის დადგენისთანავე მოხდეს TSH-ის გამოკვლევა სისხლში, განსაკუთრებით იმ ქალბატონებში, რომელებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს. ეს რისკ-ფაქტორები შესაძლოა იყოს ორსულობამდე ჰიპო ან ჰიპერთირეოზის არსებობა, ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობათა ოჯახური ანამნეზი, ანამნეზში სხვადასხვა აუტოიმუნური ავადმყოფობის არსებობა და სხვა.7. ხშირად დასმული შეკითხვა – პირველადი ჰიპოთირეოზის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტური მკურნალობა ორსულობის დროს?
ორსულობის დროს პირველადი ჰიპოთირეოზის მედიკამენტური მკურნალობა არის სრულიად უსაფრთხო, უფრო მეტიც, ეს არის აუცილებელი ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის.