საკვერცხეების პოლიკისტოზი – განსაკუთრებით საყურადღებო სინდრომი მოზარდობის ასაკში!
საკვერცხეების პოლიკისტოზი – განსაკუთრებით საყურადღებო სინდრომი მოზარდობის ასაკში! – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნათია ქაჯაია.
- როგორ ამოვიცნოთ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი მოზარდობის ასაკში?
- რა არის პოლიცისტური საკვერცხეების გამომწვევი მიზეზი და რა გავლენას ახდენს ის რეპროდუქციულ სისტემაზე?
- რამდენად მნიშვნელოვანია დროულად დაწყებული მკურნალობა, როგორც ზოგადი, ასევე რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით?
- როგორია მოზარდობის ასაკში პცს-ის მართვის თანამედროვე მეთოდები?
1. როგორ ამოვიცნოთ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი მოზარდობის ასაკში?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (პცს) ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და პაციენტების 10-18%-ში გვხვდება.
მოზარდობის და ადრეულ რეპროდუქციულ პერიოდში, პცს-ის ძირითადი ნიშნებია:
1 – მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც გამოვლინდება მენსტრუალური ციკლის დაგვიანებით; ჭარბი და აციკლური ხასიათის სისხლდენებით;
2 – მომატებული მამაკაცის ჰორმონების კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლებით, როგორიცაა: ჭარბთმიანობა სახესა და ტანზე, თმის ცვენა თავზე, ცხიმიანი კანი, გამონაყარი სახეზე და ლაბორატორიულად მამაკაცის ჰორმონების მატება სისხლში;
3 – პოლიცისტური საკვერცხეებისთვის დამახასიათებელი ულტრაბგერითი ნიშნები.
ხშირია, როდესაც ამ სინდრომის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ჭარბი წონა, ხოლო წონის დაკლების პროცესი კი გაძნელებულია.
2. რა არის პოლიცისტური საკვერცხეების გამომწვევი მიზეზი და რა გავლენას ახდენს ის რეპროდუქციულ სისტემაზე?
უმეტეს შემთხვევაში, პცს-ის გამომწვევი ნივთიერებათა ცვლის ისეთი ტიპის დარღვევაა, როგორიცაა ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია.
ანოვულატორული უნაყოფობის ძირითად მიზეზს სწორედ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი წარმოადგენს. (70-80%)
ჭარბი რაოდენობით მამაკაცის ჰორმონები იწვევენ საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების დარღვევას, ქრონიკულ ანოვულაციას, რა დროსაც წარმოიქმნება მრავალი მცირე ზომის ფოლიკულების შემცველი – მულტიცისტური საკვერცხეები.
აღსანიშნავია, რომ ამ სინდრომის დროს დაქვეითებულია კვერცხუჯრედების ხარისხიც, რაც ასევე უნაყოფობის მიზეზს წარმოადგენს და უნაყოფობის მკურნალობის დაბალ მაჩვენებელთან ასოცირდება.
3. რამდენად მნიშვნელოვანია დროულად დაწყებული მკურნალობა, როგორც ზოგადი, ასევე რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტიპის გამოვლინებით ხასიათდება. გვიან რეპროდუქციულ და მენოპაუზალურ ასაკში, ეს პაციენტები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, გულის იშემიური დაავადების, ინსულტის და ასევე ძუძუს კიბოს განვითარების მაღალ რისკ ჯგუფს შეადგენენ.
შესაბამისად, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, არამედ ზემოთ ჩამოთვლილი შეუქცევადი გართულებების თავიდან აცილების მხრივაც.
4. როგორია მოზარდობის ასაკში პცს-ის მართვის თანამედროვე მეთოდები?
პცს-ის სამკურნალოდ ყველაზე ფართოდ გამოიყენება ჰორმონალური საშუალებები – ანტიანდროგენული მოქმედების ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც აქვეითებენ მამაკაცის ჰორომონებს სისხლში და არეგულირებენ მენსტრუალურ ციკლს. ზოგჯერ მათი მოქმედება უარყოფითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ პრეპარატებს პაციენტები ცუდად იტანენ, მათ გააჩნიათ რიგი გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგ ჩვენებები.
უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით იმედის მომცემი სამკურნალო საშუალებები გაჩნდა სამედიცინო ბაზარზე, რომლებიც არეგულირებენ როგორც ნივთიერებათა ცვლას, ასევე აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს სისხლში.
ასეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ ინოზიტოლები, რომელთაგან მნიშვნელოვანია მიო-ინოზიტოლი და დ-ქირო-ინოზიტოლი. საკვერცხეში დ-ქირო-ინოზიტოლი ჩართულია ანდროგენების წარმოქმნაში, ხოლო მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას და FSH-ის მოქმედებას. საკვერცხეებში ინოზიტოლის ძირითადი წილი სწორედ მიო-ინოზიტოლის სახითაა წარმოდგენილი. ამ ნივთიერებების თანაფარდობის დარღვევა იწვევს პცს-ის დამახასიათებელ ცვლილებებს. გარდა ამისა, მიო-ინოზიტოლი აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს, აღადგენს ოვულატორულ ციკლს. მცირე დოზით დ-ქირო-ინოზიტოლი კი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სწორედ, მათი კომბინაცია წარმოადგენს მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდს. დადასტურებულია, რომ ეს 2 მოლეკულა, თანაფარდობით 40:1, აუმჯობესებს ენდოკრინულ პროფილს, აქვეითებს მამაკაცის ჰორმონების დონეს სისხლში, აღადგენს ოვულატორულ ციკლს და აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს. მათ გააჩნიათ გაცილებით ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენები. შესაბამისად, მოზარდობის ასაკში წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დროულად დავარეგულიროთ როგორც ნივთიერებათა ცვლა, ასევე აღვადგინოთ საკვერცხეების ფუნქცია და თავიდან ავიცილოთ მოგვიანებით ასაკში პცს-ის გართულებები.